გაყიდვები

რატომ და როგორ შევქმნათ მომხმარებლის ავატარი?


მომხმარებლის ავატარის, ანუ იდეალური მომხმარებლის შექმნა, ციფრული მარკეტინგის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გვეხმარება ჩვენი მარკეტინგული აქტივობების თითოეულ ნაბიჯზე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც არა უბრალოდ ჩვენს ინტუიციაზე, არამედ ჩვენი პროდუქტის იდეალური მომხმარებლის ავატარზე იქნება მორგებული.

ავატარის სახით, ყველა თქვენი შეთავაზება გაცილებით ზუსტი და შედეგიანი აღმოჩნდება. გარდა ამისა, ის დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ნერვები და ენერგია.

მაშ ასე, როგორ შევქმნათ ჩვენი იდეალური მომხმარებელი? – ეს საკმაოდ შემოქმედებითი პროცესია, რომელიც დაფიქრებას მოითხოვს. თანდათანობით, შეიძლება მისი დახვეწა/დაზუსტება მოგიწიოთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ ჩვენ ყველზე მარტივი და ჩემ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური განვიხილოთ. ის სულ სამი ნაბიჯისგან შედგება:

  1. ვინ არის, ან შეიძლება იყოს თქვენი პროდუქტის მყიდველი?
    თუ თქვენ ახლა იწყებთ ბიზნესს, მაშინ შედარებით რთული იქნება თავიდანვე იდეალური ავატარის მიგნება. მაგრამ თუ უკვე გაქვთ ბიზნესი, ანუ შეხება თქვენს მომხმარებლებთან, მაშინ შედარებით ადვილია დააკვირდეთ და უკეთ შეისწავლოთ თქვენი მყიდველები.
  2. რა აქვთ მათ საერთო?
    მოცემულ სიმრავლეში თქვენ უნდა იპოვოთ მათი საერთო ნიშნები. ეს დაგეხმარებათ ამ სიმრავლის გაერთიანებაში.
  3. დაწერეთ თქვენი იდეალური მომხმარებლის დახასიათება/ისტორია.
    ამ მონათხრობში უნდა გამოჩნდეს მისი “ტკივილები”, რა უხარია, როგორია მისი ჩვეულებრივი დღე, რა უშლის ხელს კონკრეტუი ნაბიჯების გადადგმაში და ა.შ.

როგორც უკვე გითხარით, ეს შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ მიგნების პროცესში თავს ნუ შეიზღუდავთ კონკრეტული ფორმებით. ზოგიერთისთვის უფრო ადვილია სია ჩამოწეროს პუნქტებად, ჩემთვის მაგალითად საინტერესო და გასაგები ხდება როდესაც დახასიათებას ვწერ და შემდეგ პუნქტებად ვაჯამებ.

მაგალითისთვის გიჩვენებთ ჩემი აზრით ერთერთ ყველაზე საუკეთესოდ ჩამოყალიბებულ ავატარს და ასევე გაგიზიარებთ ჩემს მიერ Gaxdoma.ge-სთვის შედგენი ავატარს.


ვინ არის Gaxdoma.ge-ს იდეალური ვიზიტორი?

ლანა 33 წლის დიასახლისია. ის 23 წლის გათხოვდა, როდესაც კარგ ფორმაში და სიცოცხლით სავსე გოგო იყო. მაგრამ მას შემდეგ 10 წელი გავიდა. დღეს მას სახლში ჯდომა, პატარა ბავშვებზე და მეუღლეზე ზრუნვა უწევს. დღის ბოლოს კი ისე იღლება, რომ ნორმალურად თავის მოვლასაც ვერ ასწრებს. ამის მაგივრად, როდესაც თავისუფალი დრო აქვს, სოციალურ ქსელებში ძრომიალს და სერიალების ყურებას ანდომებს.
სურვილი აქვს, მაგრამ სტიმული და გულმოდგინება აკლია.
ლანას საკუთარი შემოსავალი არ აქვს, ამიტომ ფულს ყოველთვის ეკონომიურად ხარჯავს. საკუთარი თავისთვის ხარჯვას ერიდება. იშვიათად, მაგრამ როდესაც თავისი გარეგნობისთვის იმეტებს, ძალიან ბედნიერია. ფიქრობს რომ მისი ქალური ბედნიერებისთვის ასეთი დღეები უფრო მეტი უნდა იყოს ცხოვრებაში.
წონის პრობლემა უკვე რამოდენიმე წელია აწუხებს. დიეტებში ნორმალურად ერკვევა, რადგან ბევრი გამოუცდია. სამწუხაროდ ვარჯიშზე სიარული ეზარება, სახლში კი ჭამისას ცდუნებას ვერ უძლებს და უმოქმედობის გამო საბოლოოდ ფორმაში ვერ ჯდება. შედეგად ეს მის ქალურ თვითშეფასებაზე და ზოგადად ბედნიერების დონეზე მოქმედებს. მან ეს ძალიან კარგად იცის.
ლანა ამბობს, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მის გარეგნობას სხვა დანარჩენზე უკან აყენებს. მაგრამ ამის პარალელურად, სწორედ საკუთარ თავზე ზრუნვა ანიჭებს მას ქალურ ბედნიერებას.

ლანასთვის უნდა მოვიფიქროთ პროდუქტი (შეთავაზება), რომლის შეძენისთვისაც მაშინვე მზად იქნება, არა ერთხელ, არამედ მუდმივად.

ტკივილები:
– უნდა რომ მუდამ კარგ ფორმაში იყოს.
– იშვიათად ზრუნავს გარეგნობაზე.
– აქვს სურვილი, მაგრამ არის უმოქმედო.
– ურჩევნია დიეტები, რადგან ზარმაცია და თან ვერ იმეტებს ფულს საკუთარი თავისთვის.
– ძნელად სუსტდება და ვერ ინარჩუნებს ფორმას.
– ფიქრობს და ცდება, რომ მისი გარეგნობა მხოლოდ მისთვის არის მნიშვნელოვანი.

მოგვარება: 
– შეთავაზება უნდა იყოს დროში შეზღუდული, რათა ვუბიძგოთ მოქმედებისკენ.
– უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ღირდეს მაქსიმუმ 49₾.
– ხელი შევუწყოთ, მივყიდოთ მის ქმარსაც, რათა დააფინანსოს.
– ავუხსნათ, რომ მისი გარეგნობა მისი ახლობლებისთვისაც მნიშვნელოვანია.
– ავიხსნათ, რომ ის ამას იმსახურებს.


ძალიან მნიშვნელოვანია: ავატარი მზად იყოს იყიდოს ახლავე! არა ხვალ, ან ოდესმე, არამედ ახლავე. ამასთან ერთად, ის მომავალშიც მზად იყოს იგივე ქმედება ხშირად განახორციელოს. ამისთვის თქვენი შეთავაზება უნდა იყოს გულწრფელი და ხარისხიანი. ის ნამდვილად სარგებლის მომტანი და თქვენი ავატარის ტკივილების მოგვარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს

რატომ? იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გაგიჭირდებათ მიაგნოთ, დაითანხმოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში დაეყრდნოთ თქვენს პროდუქტს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დროა რაღაც შეცვალოთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ბიზნესის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი LTV რაც შეიძლება მაღალი იყოს.

 

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
რისი გაკეთება შეიძლება ახლავე, საიტზე გაყიდვების გასაზრდელად?
CRM
CRM vs EXCEL ⚔ ბრძოლა ბიზნესის გადასარჩენად
CRM
ბიზნესის გაციფრულება – დავფიქრდეთ, რამდენს კარგავ 💲 ყოველ დღე?🔥