მენეჯმენტი

მოტივაციის ფორმულა


რისთვის ან ვისთვის მუშაობთ? ყველას აქვს პასუხი ამ კითხვაზე. მაგრამ რამდენად ახერხებთ მუშაობის მოტივაციის შენარჩუნებას? თქვენი მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი დამსაქმებლისთვის. აქ მოცემული ფორმულა დაგეხმარებათ მეტად ეფექტურები იყოთ თქვენს საქმეში.

1. მუშაობის მიზანი – თავისუფლება

მიზანი ყველასთვის იყო და არის თავისუფლება. როდესაც ქმნი ახალს და ვითარდები, იმიტომ რომ თავისუფლება არც ისე მარტივი ცნებაა. მისი ყიდვა ზოგჯერ ფულითაც შეიძლება, მაგრამ ის მხოლოდ თვითგანვითარებით მიიღწევა.

საუკეთესო, რაც თავისუფლებაზე მსმენია – ეს არის გააზრებული ვალდებულება. ჩემი გააზრებული ვალდებულებაა გავატარო დღის ნახევარზე მეტი სხვაზე ან/და საკუთარ თავზე მუშაობით, იმიტომ რომ სხვანაირად წარმატება არ მიიღწევა. ვერცერთი წარმატებული ადამიანი ვერ გეტყვით რომ მას ეს ადვილად გამოუვიდა! არცერთი არ იტყვის რომ თავისუფლება თვითგანვითარების გარეშე მიიღწევა.

2. ნუ იმუშავებთ “ქართული ბიზნესივით”

ნუ იმუშავებთ “ქართული ბიზნესივით”, რომელიც ფულის შოვნას ახლა და ნებისმიერი მეთოდებით ცდილობს. აწარმოეთ ხარისხიანი, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ადამიანური რესურსი და არაუშავს თუ ბაზართან ბრძოლის პროცესში უფასოდ გაიყიდებით, არაუშავს თუ იმაზე ნაკლებს გადაგიხდიან ვიდრე იმსახურებთ. ერთადერთი, რაც თქვენთვის მიუღებელი უნდა იყოს, არის ერთ ადგილას დგომა. რადგან მიზანი არის თავისუფლება.

3. შეეგუეთ და გაძლიერდით დამარცხებებით

ეს არის ბაზარი და ჩვენ უნდა ვძლიოთ მას!

ჩემი ბრძოლის I რაუნდი პირველი კურსიდან დაიწყო, როდესაც ორი წლის განმავლობაში ბევრ ონლაინ მარკეტინგთან დაკავშირებულ დავალებას ვასრულებდი, ისე, რომ ამაში ერთი თეთრიც არ მომითხოვია, რადგან ჩემთვის მთელი სიმდიდრე მიღებული გამოცდილება იყო.

II რაუნდი უკვე ნამდვილ სამსახურს ეხება, სადაც გაყიდვებში რამოდენიმე თვიანი სტაჟირების შედეგად ჩემმა ანაზღაურებამ 0 ლარი შეადგინა. ასე ახლოს ანაზღაურების მიღებასთან ჯერ არასდროს ვყოფილვარ.

III რაუნდი – უამრავი ვაკანსია, გაგზავნილი CV და წარუმატებელი გასაუბრებები.

IV რაუნდი – პირველი, 200 ლარიანი ხელფასი, თავაწეული სიარული და ოთხთვიანი სამსახური.

მგონია რომ ბევრი მიწვალია? – არა. წვალება იქნებოდა იმ დროს ეს ყველაფერი ფულის გამო რომ მეკეთებინა.

მას მერე ბევრი რაუნდი იყო და თითოეულ მათგანში მიკრო დამარცხებებს განვიცდიდი. მაგრამ მე მჯერა რომ გამოცდილების დაგროვება და წარმატების სურვილი გამარჯვებით სრულდება, და ასეც მოხდა. ბრძოლა კი გრძელდება…

4. წინდახედულობა

თუ თქვენ ცხოვრების ბოლომდე სხვაზე მუშაობას აპირებთ, დიდი ალბათობით, ეს პოსტი თქვენთვის არ დაწერილა. შეიძლება 21 წლის წამოხვიდეთ სამსახურიდან, ან შეიძლება 45 წლისამ დააგროვოთ საკმარისი ცოდნა და თავდაჯერება, რომ ადრე თუ გვიან დაიწყოთ თქვენი ბიზნესი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ “დაჩაგრა ცხოვრებამ”, რადგან ყველას და ნებისმიერ სიტუაციაში აქვს საშუალება განვითარდეს და მიაღწიოს თავისუფლებას. ზოგისთვის ეს ადრე მიიღწევა, ზოგისთვის კი გვიან. იმუშავეთ არა მხოლოდ დამსაქმებლისთვის, არამედ იმისთვის რომ მომავალში თქვენ დაასაქმოთ.

5. ადაპტაცია

თითოეულ ჩვენთაგანში არის ჭია, რომელიც გვარწმუნებს რომ ჩვენ სათანადოდ არ გვაფასებენ, რომ საკმარისი გავაკეთეთ და ცხოვრება უსამართლოა ჩვენს მიმართ. მე არ ვამბობ რომ ეს ასე არის, ან არ არის. მე ვამბობ, რომ ეს დამარცხებული ადამიანის აზროვნებაა. არ შეიძლება სხვის იმედად ყოფნა და იმის ლოდინი თუ როდის დაგაფასებენ. საჭიროა ყველაფერი გააკეთოთ, პირველ რიგში იმისთვის, რომ განვითარდეთ, და შემდგომ იმისთვის, რომ თქვენი კომპანიისთვის სარგებლის მომტანი იყოთ. თქვენი შრომა არ იკარგება!

როგორ მოვიქცეთ თუ სისტემა მიუღებელია? არსებობს რამოდენიმე გამოსავალი:
1. მოერგოთ სისტემას.
2. აღმოჩნდეთ მის სათავეში და შეცვალოთ ის.
3. წამოხვიდეთ და ეძებოთ ახალი.

მაგრამ მე გირჩევთ ამ სამი ქმედების პარალელურად აშენოთ თქვენი საკუთარი!

ფიქრობ რომ ეს პოსტი სასარგებლო იყო შენთვის? მაშინ გაუზიარე მეგობრებს და დაგვიტოვე შენი აზრი კომენტარებში!

ციფრული გარდაქმნა - გიორგი კორძახია

გაიგე როგორ გაყიდო მეტი, ნაკლები დანახარჯებით!

🔥 დავიწყოთ!
CRM
რა გვიშლის ხელს, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები?
CRM
პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის
CRM
გაყიდვების ძაბრი ➡ გაყიდე მეტი 💵 სწრაფად ⚡ და გონივრულად 🧠
There are currently no comments.